პრესრელიზი
19 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფალიაშვილის 27/29
2292773
greenalt@greenalt.org
შეთანხმება გარემოს წინააღმდეგ
[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 აპრილი, 2012 - ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ" გამოაქვეყნა საჯარო პოლიტიკის ნარკვევი - „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც 2012 წლის 20 მარტს მიღებულ საქართველოს კანონს მიმოიხილავს.
კანონი შესაძლებელს ხდის დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის უვადო შეთანხმების დადებას, რომელიც დაინტერესებულ პირს, სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი კომპენსაციის სანაცვლოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ჩადენილი სამართალდაღვევებისთვის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. ამასთან, შეთანხმების ხელმომწერი დაინტერესებული პირი, თავისუფლდება ყოველგვარი ვალდებულებისგან, ჯარიმის ან/და ზიანის ანაზღაურებისგან, ასევე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. კანონი, აგრეთვე, კრძალავს დაინტერესებული პირის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოების მიერ შემოწმებას.
წარმოდგენილ საჯარო პოლიტიკის ნაშრომში განხილულია კანონის დებულებები, მათი შესაბამისობა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში აღიარებულ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ძირითად პრინციპებთან და მიდგომებთან; ასევე, რა საფრთხეებს შეუქმნის კანონის ამოქმედება გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობას.
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას" პოზიციით, კანონი შეიცავს გარემოსდაცვითი, კორუფციული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ხასიათის რისკებსა და საფრთხეებს. უფრო მეტიც, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, გარემოს დაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულ თუ დადგენილ გარემოს დაცვის ყველა ძირითად პრინციპს.
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენლის ქეთი გუჯარაიძის განცხადებით: „კანონი აგრეთვე არ შეესაბამება ევროკავშირის მთელ რიგ დირექტივებს, რომლებთან ჰარმონიზაციის ვალდებულებაც საქართველოს აღებული აქვს. ყოველივე ეს, გავლენას იქონიებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე და მნიშვნელოვნად დახევს უკან საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი - საქართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას".
საჯარო პოლიტიკის ნარკვევი ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებ გვერდზე: www.greenalt.org
იხილეთ ბმული: http://www.greenalt.org/webmill/data/file/publications/policy_brief_EU.pdf