ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შვეიცარული პროექტი „მოდი შენი სკამით"
17/08/2012

17 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი
inganikagosian@gmail.com

შვეიცარული პროექტი „მოდი შენი სკამით"

შვეიცარული ფონდი „არტასფაუნდეიშენი" მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ახორციელებს პროექტს ზუგდიდსა და მის მიმდებარე სოფლებში, რომელიც გულისხმობს კინოჩვენებებს ღია ცის ქვეშ ერთი თვის განმავლობაში.

აღნიშნული ფონდი დაარსდა 2011 წელს და წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც მთლიანად მოქალაქეთა შემოწირულობებით ფინანსდება. ის ინიციატორი და შემსრულებელია პროექტებისა, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს კულტურისა და ხელოვნების მეშვეობით. ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი, ბატონი გიუნთერ ბეხლერი.

პროექტი „მოდი შენი სკამით" გულისხმობს ერთი თვის განმავლობაში, 25 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე, ყოველ საღამოს ერთი მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას ზუგდიდისა და მისი შემოგარენის მცხოვრებთათვის, რომელთა შორის უამრავი დევნილია.

უცხოური სრულმეტრაჟიანი ფილმების პროგრამა პროექტის ხელმძღვანელმა დაგმარ რაიხერტმა შეადგინა, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა - კინოხელოვნების ცენტრმა „პრომეთემ".

პარალელურად სოფელ ხურვალეთში ფონდი აწყობს ხელოვნების კამპუსს, სადაც 10 დღის განმავლობაში იცხოვრებს 12-12 სტუდენტი თბილისიდან და ციურიხიდან. ისინი დევნილთა საცხოვრებელში დაიდებენ ბინას და ერთობლივად შექმნიან მცირე მოცულობის ხელოვნების ნიმუშებს.

სრული ინფორმაცია ფონდისა და მისი პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.artasfoundation.ch/

წაკითხულია: 2314