24 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ტელ/ფაქსი: +995 370 27 80 10
+995 599 29 92 11
shidakartli1@gmail.com
შიდა ქართლის გუბერნატორად ზურაბ ჩხეიძე დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად შიდა ქართლში ზურაბ ჩხეიძე დაინიშნა. თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს ახალი გუბერნატორი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა წარუდგინა. ბარნოვმა აღნიშნა, რომ ყველა დაწყებული პროექტი გაგრძელდება და ახალ გუბერნატორს პოლიტიკურ ოპონენტებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
,,მიუხედავად იმ პოლარიზებული გარემოსი, რაც ზოგადად ქვეყანაში არის, ჩვენ ვალდებულები ვართ რომ რეგიონში ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმას, რომ თვითმმართველობებთან იყოს არა თანაარსებობა, არამედ რეალური თანამშრომლობა. ჩვენ არასოდეს გავურბოდით არც პირად კავშირებს და არც რეალურ მუშაობას ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან. მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ რეგიონში ცუდად არ გვაქვს საქმე და იმედი მაქვს რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება," განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
,,ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. მე პასუხისმგებლობას არასდროს არ გავურბოდი და არც ახლა გავურბივარ. ვეცდები რომ ეს ნდობა გავამართლო," აღნიშნა ზურაბ ჩხეიძემ.
38 წლის ზურაბ ჩხეიძე პროფესიით ეკონომისტია და ამ დრომდე ის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. სახელმწიფო სამსახურში 2008 წელს მოვიდა. თავდაპირველად ის გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი იყო, შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, 2010 წლიდან დღემდე კი გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. სახელმწიფო სამსახურში ჩხეიძე არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა.