ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შიდა ქართლში 6 სოციალური საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდა
26/05/2016

პრესრელიზი

შიდა ქართლში 6 სოციალური საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდა

გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებითა და ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტის ფინანსური ხელშეწყობით შიდა ქართლში პროექტი "სოციალური საწარმოები იძულებით გადააგდილებულ პირთათვის საქართველოში" ხორციელდება. პროექტი გასულ წელს დაიწყო და იგი რამოდენიმე ფაზას მოიცავდა, რომლის შედეგადაც გორის რაიონში ექვსი სხვადასხვა ტიპის საწარმო დაფინანსდა.

საზღვრისპირა რეგიონში დაფუძნებული საწარმოების ნაწილი ბიზნესზე ორიენტირებილი, ნაწილი კი სოციალური სერვისების მიწოდებაზე მიმართული საწარმოებია. მათი უმეტესობა მარტის თვეში ამოქმედდა და უკვე მიმდინარე თვიდან სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება ექვსივე საწარმომ. პროექტის წარმატებით განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული გორის მუნიციპალიტეტი.

"სოციალური საწარმოები იძულებით გადააგდილებულ პირთათვის საქართველოში" მოიცავს შემდეგ საწარმოებს:

სოციალური საწარმო „სახლი საზღვრების გარეშე"

სოფელ ხურვალეთში მდებარე სოციალური საწარმო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 40 ხანდაზმულს მულტი პროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცა დრის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24 საათიანი მომსახურება (თავშესაფარი). აღნიშნული ცენტრი ემსახურება სოფ. ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, ასევე ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა ჩასახლებების ხანდაზმულებს.

სოციალური საწარმო „ბერბუკის საბავშვო ბაგა-ბაღი"

საბავშვო ბაღი, რომელიც გარემონტდა და სრულად აღიჭურვა პროექტის ფარგლებში, ბერბუკის დევნილთა ჩასახლების 135 ოჯახსა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებ 6 წლის ასაკამდელ ბავშვებს სკოლამდელი განათლების უფასო სერვისს სთავაზობს. აღნიშნულ სოციალურ საწარმოში ბერბუკის თემის მოსახლეობის 11 წარმომადგენელია დასაქმებული. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 40 აღსაზრდელზე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. დღეისათვის ბაღის ხარჯებს სრულიად ფარავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

საკვირაო სკოლა ტყვიავის თემში დაარსებული საკვირაო სკოლა 40 სოციალურად დაუცველ და შშმ ახალგაზრდას ემსახურება. სოციალური საწარმო ბენეფიციარებს კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენების, ცეკვის, სიმღერისა და ხელსაქმის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს.

სოციალური საწარმო „ლიახველი ოსტატები"

სოციალური საწარმო სოფელ ბერბუკში ფუნქციონირებს. პროექტის მიზანი ვერხვების დასახლებაში დევნილთა გრძელვადიანი და უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა და კონფლიქტის ზონაში არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაა. სოციალურ საწარმოში 6 ადამიანია დასაქმებული, ამასთანავე 10 ახალგაზრდა ოსტატებისაგან ხის კვეთას, ქვის დამუშავებასა და რკინაზე მუშაობას სწავლობს. საწარმო მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა: ძველი ავეჯის რესტავრაცია, ხისა და ქვის დამუშავება/კვეთა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

სოციალური საწარმო „ერგნეთის რძის პროდუქტები"

სოციალურ საწარმოში „ერგნეთის რძის პროდუქტები" 5 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. პროექტი ტრადიციული მეურნეობის აღორძინებას (მეცხოველეობა, რძის პროდუქტების წარმოება), ღარიბი მოსახლეობის დახმარებასა და სოფლის შენარჩუნების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

სოციალური საწარმო „მეჯუდა-2015"

მოძრავი ავტოსახელოსნო „მეჯუდა-2015" დევნილთა ჩასახლებების და ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში მხარდაჭერასა და მათთვის დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას ისახავს მიზნად. სოციალური საწარმო მომხმარებლებს ადგილზე სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისს - სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეკეთება-რეაბილიტაციას. ასევე მოძრავი ავტოსახელონო იგოეთი-ხაშურის ჩქაროსნულ გზატკეცილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლებს ადგილზე მისვლით სთავაზობს ავტომობილის შეკეთების სერვისს. საწარმოში 6 ადამიანია დასაქმებული, პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი კი 26 სოციალურად დაუცველი ოჯახია.

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი: ASB-მ საქართველოში საქმიანობდა 1992-1997 წლებში, ხოლო 2010 წელს, ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb.ge ; (მობ: +995 32 2 29 00 06; ფაქსი: +995 32 2 29 00 06; ელ.ფოსტა: info@asb-georgia.org)

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი": საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", დაარსებული 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.chca.org.ge (ტელ.: + 995 431 24 16 51 ფაქსი: +995 431 24 16 53 ელ. ფოსტა: pr@chca.org.ge)

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს მთავრობის მიერ.

წაკითხულია: 4684