ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
02/12/2021
შინმოვლა საქართველოში

საქართველოში არსებულ სოციალურ და დემოგრაფიულ პრობლემებს შორის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა მოსახლეობის სწრაფი დაბერების ტემპი. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, საქართველოში 2050 წლისთვის მოსახლეობის 25%-ზე მეტი საპენსიო ასაკს იქნება მიღწეული, ამ ასაკობრივ კატეგორიაში კი ყველაზე მაღალია გარეშე დახმარებაზე დამოკიდებულება. აღნიშნული კუთხით სიტუაცია დღევანდელი მდგომარეობითაც საკმაოდ მძიმეა ქვეყანაში. 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერით გარეშე დახმარებაზე დამოკიდებული 185 000 ადამიანია აღრიცხული.

ქვეყანაში შექმნილ ამგვარ ანტურაჟში საფუძველი ეყრება იმ მომსახურების საჭიროებას, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანს, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი დახმარება. ამ გარემოებაში შემოდის შინმოვლის ტიპის მომსახურება, რომელიც შესაბამისი მხარდაჭერით უზრუნველყოფს გარეშე დახმარებაზე დამოკიდებულ ადამიანებს.

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ეგიდით, გარეშე დახმარებაზე დამოკიდებულ ადამიანებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ახალციხეში შესაბამისი შინმოვლის მომსახურება მიეწოდებათ. ახალი პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში 2021-2023"-ის ფარგლებში ქვეყანაში შინმოვლის ფართოდ დანერგვა იგეგმება. აღნიშნული პროექტით შემდეგი მიზნებია დასახული: შინმოვლის საჭიროების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უზრუნველყოფა ზრუნვის ხანგრძლივი მომსახურებით, შინმოვლის ახალი სერვისებისა და მოდელების შემუშავება/პილოტირება, საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა ამ სფეროში, ექთნებისა და დასაქმების მაძიებელთა გადამზადება და შინმოვლის დაფინანსების ადგილობრივ წყაროებზე გადასვლა.

პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში 2021-2023" მიზნების მისაღწევად, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ შესაბამისი ადვოკატირების კამპანია წამოიწყო. ორგანიზაციის შიგნით შეიქმნა ადვოკატირების სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს შინმოვლის პროექტის მიზნების თანმიმდევრულ განხორციელებას, ადვოკატირებისა და კომუნიკაციის პროცესის გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას. ადვოკატირების კამპანიის ამოცანაა შინმოვლის, როგორც მომსახურების ინტეგრაცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პაკეტებში.

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადვოკატირების მესიჯს როგორც სოციალური, ისე ფინანსური და სამართლებრივი განზომილებები აქვს. სოციალური თვალსაზრისით, ხანდაზმულთა ასაკობრივი ჯგუფის სწრაფი ზრდა შესაბამისი სერვისების მიწოდების შესაძლებლობას მოითხოვს. ამიტომაც საქართველოს კარიტასის 2021-2023 წლის პროექტით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ფინანსური თვალსაზრისით, შინმოვლა, სტაციონარულ მოვლასთან შედარებით, ბევრად უფრო ხარჯთეფექტურია და საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ფინანსების გამოყოფა შემდგომში შეამცირებს ხარჯებს ამ მიმართულებით. კარიტასის 2021-2023 წლის პროექტის წარმატებით განხორციელება ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.


სამართლებრივი თვალსაზრისით, პროექტი ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დადგენილებებს, როგორიცაა „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია" და „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია". აღნიშნული დადგენილებები, თავის მხრივ, ეხმიანება საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებებს. კარიტასის პროექტი ამ სფეროშიც წაადგება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას.


ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გუნდს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასთან, სახელმწიფო უწყებასთან და მუნიციპალიტეტთან. ერთი ასეთი შეხვედრა შედგა 25 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის სოციალური დაცვის პოლიტიკისა და შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოების წარმომადგენლებთან, რომელზეც ჯანდაცვის სისტემაში შინმოვლის ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

18 ივნისს ქალაქ ზუგდიდში საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი გამართა თემაზე „შინმოვლის მომსახურების ორგანიზება და მართვა", რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარებისა და ფინანსური დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სემინარზე შინმოვლის მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და მართვის საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს კარიტასის ჯანრმთელობის დაცვის გუნდმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გაუზიარა გამოცდილება, რომელიც სწორ ბიუჯეტირებას, ბენეფიციარების განსაზღვრას, სერვისის მიწოდებასა და შინმოვლის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა პრაქტიკულ საკითხებს შეეხებოდა.


ყველა ეს აქტივობა, როგორც უკვე ითქვა, მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას გარეშე დახმარებით. პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში 2021-2023" წარმატებით განხორციელება კი მყარი საექთნო განათლების სისტემისა და შინმოვლის მომსახურების დანერგვას უზრუნველყოფს ქვეყანაში.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1306