ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/12/2018
შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა - მაგდა მაღრაძე 2018 წლის შედეგებს აჯამებს
შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორის წახალისება, მოსწავლეებში STEM მიმართულებებისადმი ინტერესის გაზრდა, ინოვაციური აზროვნების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, საჯარო სკოლების ხელშეწყობა - ამ და სხვა პრიორიტეტებს ,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ წელსაც არ უღალატა და 2019 წელს უამრავი წარმატებული პროექტით ხვდება. აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი დოლარის გრანტის - ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის მეშვეობით განხორციელებულ პროექტებსა და შედეგებზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი - მაგდა მაღრაძე საუბრობს:
-ფონდისთვის მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების მიმართულება - საქართველოსთვის მეორე კომპაქტის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 76 მილიონი ამაზე იხარჯება. რა მიზნები გაქვთ ამ მიმართულებით დასახული და რა ეტაპზეა მათი განხორციელება?

-ფონდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქცენტი განათლებაზე, განსაკუთრებით კი - ზოგადზე. სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება შემდეგი აქტივობები: საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და აღჭურვა; მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება; საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობისა და ოპერირების სისტემის შემუშავება-დანერგვა და ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების ხელშეწყობა.
სრული რეაბილიტაცია უტარდება 91 საჯარო სკოლას რეგიონებში, მოცემული მომენტისათვის რეაბილიტირებულია 64 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც სასაწავლო გარემო გაუუმჯობესდა რეგიონებში მცხოვრებ 28,000-მდე მოსწავლეს.
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო, მათემატიკის (STEM), ინგლისური ენის და გეოგრაფიის საგნებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. გადამზადდა 17,000-ზე მეტი პედაგოგი, ჩატარდა სასწავლო შეხვედრები, კონფერენციები, შეიქმნა ონლაინ მოდულები მასწავლებლებისათვის. გარდა ამისა, გამოიცა საკლასო შეფასების სახელმძღვანელო, რომელიც ყველა საჯარო სკოლას საჩუქრად დაურიგდება.
პროექტის ფარგლებში, უპრეცედენტოდ ხანგრძლივი პროფესიული განვითარების კურსები შემუშავდა საჯარო სკოლის დირექტორებისთვის: ლიდერობის აკადემია, რომლის ფოკუსია დირექტორი, როგორც სასწავლო პროცესის ლიდერი.
-მეორე კომპაქტის ფარგლებში, მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამები ინერგება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM). პროექტი გულისხმობს საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას. რა როლი აქვს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს უმაღლესი განათლების ბაზრისთვის?

-ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 2014-2019 წლებში ახორციელებს პროექტს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“. პროექტის მიზანია საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამერიკული საბაკალავრო ხარისხების გაცემა და პროგრამების აკრედიტაცია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროში. ასევე, რა თქმა უნდა - არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ადამიანური რესურსის გაძლიერება.
-ფონდის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება პროფესიული განათლების ხელშეწყობაა. რამდენად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ მიმართულებით პროფესიული კადრების მომზადებაში ახალი პროფესიული პროგრამები?

-„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის საგრანტო კონკურსის (PICG) ფარგლებში შეიქმნა და განახლდა შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შემდეგ დარგებში: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნეობა. პროექტის ფარგლებში ათი კოლეჯის 38-მა საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა ავტორიზაცია და პარალელურად, შემუშავდა 13 სასერტიფიკატო პროგრამა.
პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმოკლესი გზაა ახალგაზრდების დასაქმებისაკენ, ამასთან, ბევრი ექსპერტის შეხედულებით, ქართული ეკონომიკის არსებული სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს იმას, თუ რა პროფესიებზეა მოთხოვნა შრომის ბაზარზე, უფრო მეტად შესაბამისობაშია პროფესიულ, ვიდრე აკადემიურ განათლებასთან. აკადემიურისაგან განსხვავებით, პროფესიული განათლება პრაქტიკული უნარების გამომუშავების და ამ უნარის გამოსამუშავებლად საჭირო ცოდნის გადაცემაზეა ორიენტირებული. ჩვენი პროექტის ფარგლებში პროგრამების შემუშავება და/ან განახლება სწორედაც ბიზნესთან, ინდუსტრიასთან, ადგილობრივი თუ უცხოური ორგანიზაციების ჩართულობით მოხდა. ეს განსაკუთრებით გაუადვილებს კურსდამთავრებულ სტუდენტებს დასაქმებას.

-ფონდის ორგანიზებით ხშირად იმართება სხვადასხვა კონკურსი, იქნება ეს ათასწლეულის ინოვიაციის კონკურსი თუ პროფესიული განათლების მიმართულებით. რამდენად მნიშვნლოვანია მსგავსი კონკურსების ჩატარება?

-ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური დახმარებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახალგაზრდა ინოვატორებისთვის. კონკურსში მონაწილე 13-18 წლის სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გამარჯვებული გუნდი კი - მიემგზავრება აშშ-ში და NASA-ს საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, ფინალისტებს ვაძლევთ მცირე გრანტებს და ვცდილობთ, მათ იდების დახვეწასა და კომერციალიზაციაში დავეხმაროთ. მთავარ მიზანს ტექნოლოგიებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებით, ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება წარმოადგენს, ამით კი - ქვეყნის ხელშეწყობა ახალი მიღწევების კუთხით.

რაც შეეხება პროფესიული განათლების ჯილდოს - მისი მიზანია პროფესიული განათლების იმიჯის ამაღლება და ამ სფეროში ჩართული წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა.
-იმ დროს, როცა ქვეყანაში გარკვეული პრობლემებია გენდერული მიმართულებით, ფონდი აფინანსებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს - „ქალები მეცნიერებაში“. რა როლს თამაშობს პროექტი ქალების კარიერულ წინსვლაში? კიდევ რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ ქვეყანაში ქალების წარმატების ხელშეწყობის მიმართულებით?
-გოგონებისა და ქალების გაძლიერება, კარიერული წინსვლა და წარმატების მიღწევა უფრო ადვილია, თუ მათთან მუშაობა ადრეული ასაკიდანვე იწყება. ზოგადი განათლების ხელშეწყობა უყალიბებს გოგონებს ინტელექტუალურ საფუძველს და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რწმენას.

„ქალები მეცნიერებაში“ - ამ მიმართულებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გაწეული სამუშაოდან შემიძლია გამოვყო რამდენიმე პროექტი, მათ შორის, ზემოთ ნახსენები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, სადაც მონაწილეთა ნახევარზე მეტი გოგონაა; „ქალები მეცნიერებაში (WiSci) - საქართველო 2018“ - გოგონების საერთაშორისო ბანაკს წელს თბილისმა უმასპინძლა.

2016 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საფუძველი ჩაუყარა კონკურსს, რომელიც ეფუძნება ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. კონკურსის დანიშნულებაა გამოავლინოს და აღიაროს საქართველოში, კერძო სექტორში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითრების და წინსვლის პრაქტიკას და უზრუნველყოფენ თავიანთ კომპანიებში თანასწორ გარემოს და თანაბარ წვდომას რესურსებზე.
ორგანიზაციის შესახებ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო, რომელიც პროექტების დაფინანსებითა და განხორციელებით პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.

საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა და მისი რატიფიცირება მოახდინა საქართველოს პარლამენტმა. კომპაქტი, რომლის მოცულობაც 140 მილიონი აშშ დოლარია, 2014 წლის ივლისიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხორციელდება.
წაკითხულია: 3513