„აქ უფრო ვხედავ ჩემ თავს და ვფიქრობ, ამ მიმართულებით უფრო წარმატებული ვიქნები. ძალიან ბევრი რამ ვისწვალე კოლეჯში. ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩემი პროფესიის სიყვარული ვისწავლე. როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს არასდროს იღლები. ეს შემოქმედებითი პროცესია და არა სამუშაო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ასრულებ, რომ ანაზღაურება მიიღო,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.
თამარ გოგრიჭიანმა პროფესიულ კოლეჯში 2016 წელს ჩააბარა. სწავლის დაწყებიდან 7 თვეში სტაჟირება „ბილტმორში“ დაიწყო, რომელიც ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მეორე კვირას უკვე ანაზღაურებადი სამსახური შესთავაზეს. მას შემდეგ კარიერულ კიბეზე ორი საფეხურით დაწინაურდა. პარალულურად იღებდა შემოთავაზებებს სხვა კომპანიებისგან, თუმცა ამბობს, რომ გარემო სადაც მუშაობს, ოჯახურია, შეეჩვია და განვითარებისა და წინსვლის პერსპექტივასაც სწორედ აქ ხედავს. დღეს თამარ გოგრიჭიანს იმ ოდენობის ხელფასი აქვს, რამდენიც მის ლექტორს.
„ზოგადად, ამ სფეროში მაღალი ანაზღაურებაა. მაგალითისთვის გეტყვით, ლექტორთან ვსაუბრობდი უნივერსიტეტში და აღმოჩნდა, რომ ჩემი ლექტორიც იმავე ხელფასზე მუშაობს, რაზეც მე. ასოცირებული პროფესორია ეს ადამიანი, მე კი ამ სფეროში ახალი ვარ. 2 წლის სტაჟი მაქვს, ამხელა განსხვავებაა ჩვენს პროფესიულ განვითარებაში, მაგრამ ანაზღაურება ერთნაირი გვაქვს. ამასთან, კარიერულ განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივაც დიდია,“- ამბობს გოგრიჭიანი.