ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ციტრუსის სეზონის შეჯამება
22/01/2016

პრესრელიზი


22 იანვარი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge 
ტელ: 237 80 09

ოთარ დანელიამ და არჩილ ხაბაძემ ციტრუსის სეზონი შეაჯამეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ,,ნარინჯისფერი რთველის" შედეგები შეაჯამეს. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ წლევანდელი ციტრუსის სეზონი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ 2015 წლის ,,ნარინჯისფერი რთველი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს თანამშრომლებს და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებს ,,ნარინჯისფერი რთველის" მიმდინარეობის პროცესში აქტიური ჩართულობისა და კარგი მუშაობისთვის.
,,წელს ციტრუსის სეზონი ორგანიზებულად, შეფერხებების გარეშე წარიმართა. შედეგებით და ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენმა მიდგომებმა გაამართლა და სწორი მიმართულებით მივდივართ. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს დაახლოებით 4 000 ტონით მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანი დადებითი შედეგებია გადამამუშავებელი საწარმოების სტანდარტიზაციის მიმართულებით. საქართველოში ფაქტობრივად ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება უკვე შესაძლებელია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში და ზოგადად რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ციტრუსის რეალიზაციაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან სამინისტრო მიზანმიმართული, სწორი გეგმით ხელმღვანელობდა და ამან შედეგიც გამოიღო. ოთარ დანელიას განცხადებით, წელს რეალური გარდამტეხი წელი იყო და მომავალში, ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა ქვეყანაში აღარ იქნება.
დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 26 061 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 9 000 ტონმდე ციტრუსი. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 827 744 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 894 325 ლარია. 
სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 20 389ტ. (78.23 %), უკრაინა 3 878 ტ. (14.88 %), სომხეთი 785 ტ. (3.01 %), აზერბაიჯანი 247 ტ. (0.95 %), ყაზახეთი 447 ტ. (1.72 %), ბელარუსი 242 ტ. (0.93 %), სხვა ქვეყნები 74 ტ. (0.28 %).
მანდარინის მიღება-გადამუშავებას ახორციელებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში - Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა", ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური" და გორში შპს ,, გსქ კულა".
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებენ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროექტს, რომლის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წლევანდელ სეზონზე, აჭარისა და გურიის რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი.
,,ნარინჯისფერი რთველის" ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც - 2 47 01 01. ყველა დაინტერესებულ პირს ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.apma.ge შეუძლია.
ციტრუსის სეზონის შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილე იოსებ აბულაძე და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, დავით უმეკაშვილი ესწრებოდნენ. 

 

წაკითხულია: 5054