„ოპერაციაზე საუბრისას, პაციენტის პირველი პასუხია ხოლმე, რომ ეშინიათ. თუმცა, კრიოაბლაციის შემთხვევაში, მათი დაყოლიება უფრო ადვილი გახდა. როცა ვუხსნით, რომ ეს არის უნარკოზო ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს, რომ მეორე დღეს უკვე სახლში მიდის, ოპერაცია უსისხლოა და არ არის მტკივნეული, მას უკვე რთულ ოპერაციად არ აღიქვამენ,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.
მისივე თქმით, მოციმციმე არითმია ძალიან გავრცელებული დაავდებაა განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. ექიმი ამბობს, რომ დაავადების მაჩვენებლები მზარდია არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, მიმართვიანობა მაინც დაბალია.
„ხალხში არ არის გაცნობიერებული, რომ ამ დაავადების განკურნება შეიძლება. დაავადებას უყურებენ, როგორც ქრონიკულს და მიაჩნიათ, რომ მთელი ცხოვრება წამლების ქვეშ უნდა იყვნენ,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.