პირველ ოქტომბერს მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. აღნიშნული თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე 1990 წელს დაწესდა და მიზნად ისახავს ხანდაზმული ადამიანების როლისა და საჭიროებების კიდევ უფრო უკეთ შეფასებას გლობალურ და ადგილობრივ დონეზე.
მოსახლეობის დაბერება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დინამიური დემოგრაფიული ტენდენციაა. პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა გაორმაგდება და დაახლოებით 1.6 მილიარდს მიაღწევს. საქართველოში კი ამ ასაკობრივი ჯგუფის წილი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს შეადგენს.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა მჭიდრო კავშირშია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებასთან, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების ამაღლებასთან, განათლების დონის ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებასთან. ამ პროცესების ფონზე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ხანდაზმულთა მზარდი საჭიროებები, რაც მოითხოვს ინტეგრირებული ზრუნვის სისტემის ჩამოყალიბებას. მსგავსი მოდელი უზრუნველყოფს, რომ ხანდაზმულმა მოსახლეობამ დროულად და ხარისხიანად მიიღოს როგორც სამედიცინო, ისე სოციალური სერვისები, რაც ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და აქტიური დაბერების ხელშეწყობას.
ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს კარიტასის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაცია აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ ხანდაზმულ ბენეფიციარებს ჰქონდეთ ღირსეული, ჯანმრთელი და აქტიური სიბერე.
სწორედ ამ მიზნებს ემსახურება 2025 წლის 1 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს დღის ცენტრის „ჰარმონია" და უფასო სასადილოს ბეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას, თერაპევტის და ქირურგის კონსულტაციებს, რეკომენდაციებს ჯანსაღი დაბერების შესახებ და ამ საკითხებზე შესაბამისი ბეჭვდითი მასალების გავრცელებას.
საქართველოს კარიტასი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ხანდაზმული ადამიანებების საჭიროებების მიმართ და მადლობას უხდის ყველა იმ პირსა და ინსტიტუციას, ვინც აქტიურად იღებს მონაწილეობას ამ პროცესში.