ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ხელნაკეთი ნივთების სტუდიის გახსნა
28/06/2012

პრესრელიზი

28 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი,
ტელ:    577293979,
ელ-ფოსტა: inganikagosian@gmail.com

პრესრელიზი

[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 ივნისი, 2012 - ხელნაკეთი ნივთების სტუდიის გახსნა გაიმართება კოდის  დასახლებაში (ქვემო ქართლის რეგიონის, თეთრიწყაროს რაიონი), 2012 წლის 29 ივნისს 16:00 საათზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებებისა და სოციალ ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა - ფარგლებში.

სტუდიის გახსნას დაესწრებიან ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

პროექტის მიზანია ამჟამად კოდის დასახლებაში მცხოვრები, სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების უფლებების დაცვა და  მათი სოციალურ- ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტმა სამი მიმართულება აირჩია: ტრენინგები მცირე ბიზნესის მართვაში,  ხელნაკეთი ნივთების სტუდიის ჩამოყალიბება, სადაც ჩატარდება ტრენინგები ხელსაქმეში, და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ინდივიდუალური და ჯგუფური კურსები.

პროექტის ბენეფიციარები არიან 2008 წლის კონფლიქტის შედეგად სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალები, რომლებიც ამჟამად კოდაში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსებულ,   დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. 140-მდე ქალიდან, რომელთაც  პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, 80 გადის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსს, 15 ჩართულია მცირე ბიზნესის განვითარების ტრენინგში, ხოლო 40 ქალი გადის ხელსაქმის კურსს.

პროექტის შედეგად ამ ქალთა ნაწილი დასაქმდება სტუდიის მართვაში, ნაწილი - პროდუქციის წარმოებასა და მარკეტინგში.

რეგიონის  ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროექტს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს სიღარიბის შემცირების, სამუშაო ადგილების შექმნის, შესაძლებლობების გაუმჯობესების და ქალების საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრაციისთვის.  

წაკითხულია: 2355