28 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
ჰეპატიტის საერთაშორისო დღე 28 ივლისს აღინიშნება
იცოდე! შეცვალე! დაიცავი!
28 ივლისს, ხუთშაბათს, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" და „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" მხარდაჭერით „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" და „კოალიცია - ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში" ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. დაგეგმილია პრესკონფერენცია, მრგვალი მაგიდა, ქუჩის აქცია.
11 საათზე თბილისში სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ პრესკონფერეციასა და მრგვალ მაგიდაზე ნაჩვენები იქნება C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანების ვიდეო ისტორიები; გაკეთდება მიმოხილვა C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილებასა და საქართველოს ვალდებულებებზე ამ პრობლემასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ორგანიზატორები წარმოადგენენ პეტიციას, რომელიც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველს გადაეცემა. იგივე პეტიცია განთავსდება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"-ც, სადაც ხელმოწერები ელექტროულად შეგროვდება.
13:00 საათზე მეტრო რუსთაველთან ქუჩის აქცია გაიმართება, სადაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. აქცია რუსთაველის გამზირის, ლესელიძისა და ერეკლე მე-2-ის ქუჩების გავლით რიყის პარკში გადაინაცვლებს. 17:00 საათზე რიყეზე მოძრავი კედლები მოიხატება და ჰაერში ფერადი ბუშტები გაიშვება.
თბილისის ღონისძიებების პარალელურად მრგვალი მაგიდები გაიმართება გორსა და ზუგდიდში, ბათუმში კი - ქუჩის აქცია.
იცოდე! შეცვალე! დაიცავი!- საერთაშორისო დღე ამ მოწოდებით აღინიშნება და მიზნად ისახავს C ჰეპატიტის საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობას.
###