ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ჰიპოთერაპია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის
17/06/2013

ჰიპოთერაპია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის

17-დან 23 ივნისის ჩათვლით სარეაბილიტაციო ცენტრი ‘'სათავე'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘'მარიანი'' 202-ე (უსინათლო ბავშვთა) სკოლის ბავშვებისთვის აწყობს ბანაკს საგარეჯოში. ერთი კვირის განმავლობაში ბავშვები გაივლიან ჰიპოთერაპიის კურსს, ექნებათ სივრცეში ორიენტაციის ვარჯიშები და საყოფაცხოვრებო უნარების მეცადინეობები. მათთან ასევე იმუშავებს ოკუპაციური- და არტ-თერაპევტი. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა განმავითარებელ სავარჯიშოს.

ჰიპოთერაპია (იგივე ცხენებით თერაპია) ეხმარება განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებს წონასწორობის, სივრცეში ორიენტაციის, მოძრაობის განვითარებაში. ვარჯიშები ცხენთან ერთად ასევე ხელს უწყობს ფსიქიკურ ჰარმონიზაციას და სიმშვიდეს. სივრცეში ორიენტაციის და საყოფაცხოვრებო უნარების მეცადინეობები ზრდის უსინათლო ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ბანაკში ბავშვები თავადვე გააკეთებენ ბინაურალურ ჩანაწერებს და გამოიყენებენ მათ. ბინაურალური ჩანაწერი ესაა აუდიო ჩანაწერი, რომელიც სპეციალური აპარატურით იწერება, მოსმენისას ქმნის სამ-განზომილებიან ეფექტს და სივრცის რეალური აღქმის საშუალებას იძლევა. ბინაურალური ჩანაწერები გამოიყენება უსინათლო ბავშვებთან მუშაობისას სივრცითი ორიენტაციის გასავითარებლად.

სარეაბილიტაციო ცენტრი ‘'სათავე'' მსურველებს სთავაზობს ისეთ სარეაბილიტაციო სერვისებს, როგორიცაა ჰიპოთერაპია, დოგოთერაპია, არტ-თერაპია და ფიზიოთერაპია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘'მარიანი'' კი მუშაობს უსინათლო და მცირემხედველთა რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე, ასევე ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.

პროექტი ხორციელდება ფონდ ‘'არი არის'' მხარდაჭერით და დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

###

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

www.facebook.com/NGOmariani

http://ngomariani.blogspot.com/

ნებისმიერი კითხვით დაგვიკავშირდით:

514 05 54 50 (მარიამი)

598 19 54 50 (ანა)

წაკითხულია: 2861