ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/09/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
‘’რაჭული თეთრას’’ ახალი სიცოცხლე „ღვინუკაში“
ზუკა მაისაშვილი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც საკუთარ ბიზნესზე დაიწყო ფიქრი, სურდა წინაპრების მიერ დაწყებული საქმე გაეგრძელებინა და მშობლიურ კუთხეში საოჯახო ტიპის ღვინის წარმოება აეღორძინებინა. მთავარ პრობლემას, საკუთარი ბიზნესი დაეწყო, ასაკობრივი ბარიერი და თანხების მოძიება წარმოადგენდა. ახალგაზრდა სტარტაპერისთვის პროექტი YES-Georgia გარდამტეხი აღმოჩნდა. პროექტში ჩართვის შემდეგ ზუკა მაისაშვილი YES-Georgia-ს პროქტის ფარგლებში შექმნილი „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ სტუდენტი გახდა და მოგვიანებით საწარმო „ღვინუკასთვისაც“ მოიპოვა დაფინანსება.
„სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე დამეწყო ჩემი საქმე, თუმცა ეს მარტივი არ იყო, რადგან საწყისი კაპიტალი არ მქონდა, ასაკიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ შემოსავლები არ მქონდა, ბანკისგანაც ვერ ვიღებდი სესხს. ამას ემატებოდა ისიც, რომ არც საკმარისი ცოდნა მქონდა საქმის დასაწყებად“ -იხსენებს ახალგაზრდა მეწარმე.
დღეს ზუკა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია და რაჭაში, მშობლიურ კუთხეში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ბაზარზე ყველაზე იშვიათ რაჭულ მშრალ ღვინოს აწარმოებს.
„ამ ყველაფრის გაკეთების იდეა 2017 წელს მომივიდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ რაჭაში მხოლოდ ნახევრადტკბილ ღვინოებს აწარმოებდნენ, რაც მსოფლიო ბაზრისთვის ნაკლებ საინტერესო ღვინოდ ითვლება. გარდა ამისა, რაჭაში 70-მდე სხვადასხვა ენდემური ჯიშის ვაზი ხარობს, რომლებიც არათუ სადმე შეგვიძლია დავაგემოვნოთ, არამედ მისი ვენახებიც კი არ არის გაშენებული, ამიტომ გადავწყვიტე ‘’ღვინუკას’’ დაფუძნება და იმ რაჭული ენდემური ჯიშების გაცოცხლება, რომელიც მივიწყებულია და მხოლოდ რამდენიმე ნერგია შემორჩენილი. ჩემი ინსპირაცია ამავდროულად ჩემმა 150 წლის წინანდელმა წინაპარმაც გამოიწვია, რომელიც ასევე მეწარმეობას მისდევდა“ - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.
USAID-ის და ფონდი კრისტალის ერთობლივ პროექტში ჩართვის შემდეგ, ახალგაზრდა მეწარმემ ახალი ცოდნა და დაფინანსებაც მიიღო. დღეს ზუკას „ღვინუკა“ უკვე რეალიზაციაშია და სამომავლოდაც გეგმავს წარმოების გაფართოებას. ზუკას უკვე არაერთი შემოთავაზება აქვს სხვადასხვა ქვეყნიდან და ღვინის გარდა აპირებს, რომ რეალიზაციაში რაჭული არაყი და სიდრიც ჩაუშვას.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2735