ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/09/2021
“ENEMO იწყებს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას საქართველოში”

თბილისი, 20 სექტემბერი, 2021 - არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი (ENEMO) საქართველოში იწყებს არჩევნების სადამკვირვებლო მისიას მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მისია შედგება გუნდის 6 ძირითადი წევრისგან, რომლებიც ბაზირებული იქნებიან თბილისში. დამატებით, არჩევნების წინა დღეს, 20 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაიგზავნება სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ უბნების გახსნას, ხმის მიცემას, დათვლას და აღრიცხვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

არჩევნების ძირითადი ასპექტების მონიტორინგისა და ანგარიშების მეშვეობით, მისიის ფარგლებში, ENEMO-ს მიზანია გაზარდოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და შეაფასოს მისი შესაბამისობა და ინტეგრირების ხარისხი დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან და ქართულ კანონმდებლობასთან. ENEMO-ს არჩევნების სადამკვირებლო მისია დააკვირდება, შეაფასებს და წარმოადგენს ანგარიშს ზოგადი პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს, არჩევანის თავისუფლების პატივისცემის, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის უფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებების, პოლიტიკური კამპანიის, გენდერული თანასწორობის, ხმის მიცემის და დათვლის პროცესის, საარჩევნო დავების გადაწყვეტისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.


ENEMO მოქმედებს არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით. ENEMO-მ ხელი მოაწერა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო დეკლარაციას და თითოეული დამკვირვებელი ხელს აწერს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსს.


ENEMO მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მხარეებთან, რომელთა ღირებულებები და პრიორიტეტები ჩვენს ქსელთან შესაბამისობაშია, იცავენ ადამიანის უფლებებს და მხარს უჭერენ დემოკრატიის გაძლიერებას. სადამკვირვებლო მისია შეხვდება შესაბამის მხარეებს, უწყებების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მედიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მიიღოს მიმდინარე პროცესების ყოვლისმომცველი სურათი. ENEMO გეგმავს განცხადების გავრცელებას არჩევნების დღესთან დაკავშირებული პროცესების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ, ასევე გამოაქვეყნებს შემაჯამებელ ანგარიშს, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს საარჩევნო სფეროს გაუმჯობესებისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ.


ეს არის ENEMO-ს 36-ე საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, მათ შორის, საქართველოში - მეორე. მისიის ძირითადმა გუნდმა სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო საარჩევნო გარემოს შესწავლა, ხოლო ქვეყანაში 17 სექტემბერს ჩამოვიდა.


 


 

პროექტი “საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირებლო მისიის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას”, რომელიც დაიწყო 2021 წლის 8 სექტემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 31 დეკემბრამდე, ხორციელდება სლოვაკეთის რესპუბლიკის დაფინანსებით. ამ დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ENEMO და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის პოზიციას.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1296