18 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
"ფაბლისითი ჯგუფი"
ტელ: +995 32 508 444
მობ: +995 77 465 590
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 სექტემბერი, 2009 - 14, 15 და 16 სექტემბერს ფონდში "ინტერნიუსი" ჩატარდა
3 დღიანი სემინარები სამოქალაქო ჟურნალისტიკაში რეგიონული
სიახლეების პორტალის - REGIONS.GE-ს
პარტნიორი გაზეთების ჟურნალისტებისათვის. პროექტი ”რეგიონული მედია ახალი მედიის კვალდაკვალ” "ფაბლისითი ჯგუფის" ინიციატივითა
და ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სემინარების მიზანი ჟურნალისტებისათვის ფოტო და ვიდეო რეპორტაჟების მომზადებაში საჭირო
უნარების, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა იყო, გარდა ამისა, ყველა რედაქციას
გადაეცა საჩუქრად ფოტო-ვიდეო გადამღები, რაც მომავალში REGIONS.GE-ს საინტერესო
ფოტო და ვიდეორეპორტაჟებით დატვირთვას შეუწყობს ხელს. სემინარებს რეგიონული ბეჭდური
მედიის 16 წარმოადგენელი დაესწრო, წარმოდგენილი იყო აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი,
სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.
პირველი დღე ფოტოჟურნალისტიკას დაეთმო, სემინარს GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროგრამის კოორდინატორი - ლელი ბლაგონრავოვა უძღვებოდა. მეორე და მესამე დღეს მონაწილეებმა ვიდეო რეპორტაჟების მომზადების ძირითადი უნარ-ჩვევები შეიძინეს, რის შემდგომაც თავად გადაიღეს და დაამონტაჟეს მოკლე რეპორტაჟები სხვადასხვა პრობლემატურ თემებზე. აღნიშნულ სემინარს ფონდის "ინტერნიუსი" ექსპერტი, პროდიუსერი ირაკლი ბერულავა ხელმძღვანელობდა. ორივე სემინარის შემთხვევაში სპეციალისტებმა თემები ახალი მედიის პერსპექტივით წარმოაჩინეს და ყურადღება გაამახვილეს ვებ ტექნოლოგიების გავლენაზე ფოტოსა და ვიდეო ჟურნალისტიკაში.
სემინარის ორგანიზებამდე REGIONS.GE-ს ხელმძღვანელობამ პარტნიორ გაზეთებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, თუ რატომ იყო მათთვის საინტერესო და საჭირო ამგვარ სემინარში მონაწილეობა, რედაქტორებმა გვიპასუხეს, რომ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟების მომზადებაში საჭირო უნარების შეძენა და ფოტო ტექნიკის გადაცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს REGIONS.GE-ს ფოტოსა და ვიდეო სექციების გამდიდრებას და გაუმჯობესებას. გამოკითხვა სემინარების შემდეგაც ჩატარდა, ჟურნალიტების აზრით სემინარები სასარგებლო იყო, ორივე სფერო მათთვის ახალი კუთხით იყო წარმოჩენილი, რაც დადებით გავლენას მოახდენს როგორც მათი გაზეთების საქმიანობაზე, ისე საერთო პროექტის REGIONS.GE-ს განვითარებაზე.
###
REGIONS.GE-ს შესახებ:
REGIONS.GE - ახალი ამბები საქართველოს რეგიონებიდან, პირველი რეგიონული სიახლეების პორტალია საქართველოში, რომელზეც ცენტრალიზებულად და სტრუქტურულად თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს რეგიონებიდან. ის შესაძლებლობას ქმნის საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თბილისში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.
პარტნიორი რეგიონული გაზეთების საშუალებით, რომლებიც მედიის აღიარებული სტანდარტების დაცვით მუშაობენ და ქმნიან მაღალი ხარისხის პროფესიონალურ პროდუქციას, პორტალი თავს უყრის ინფორმაციას აჭარიდან (გაზეთი "აჭარა"), გურიიდან ("გურიის მოამბე", "გურიანიუსი"), იმერეთიდან ("ახალი გაზეთი", გაზეთი "P.S."), კახეთიდან ("კახეთის ხმა", "სპექტრი"), სამეგრელოდან ("თავისუფალი სიტყვა"), სამცხე-ჯავახეთიდან ("სამხრეთის კარიბჭე", "ბორჯომი"), ქვემო ქართლიდან ("რუსთავი") და შიდა ქართლიდან ("ხალხის გაზეთი", "ქართლის ხმა").
პორტალზე, საქართველოს ყველა რეგიონს გამოყოფილი აქვს საკუთარი უნიკალური გვერდი, სადაც პარტნიორი რეგიონული გაზეთები სისტემატურად უზრუნველყოფენ ინფორმაციის განახლებას შემდეგი რუბრიკებისთვის: რეგიონის უახლესი ამბები; პოლიტიკა; ეკონომიკა; საზოგადოება; სამართალი; ხელოვნება; სპორტი; რაიონები; ინტერვიუ სტუმართან, ჟურნალისტური გამოძიება, ჟურნალისტის დღიურები, ფოტო და აუდიო რეპორტაჟები.
საინფორმაციო რესურსი საინტერესოა არამარტო წმინდა ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხით, არამედ ის საქართველოს რეგიონებით დაინტერესებული პირების ინტერესსაც აკმაყოფილებს. კერძოდ, საიტზე, თითოეული რეგიონის გვერდზე მოიპოვება ინფორმაცია რეგიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების, საკონფერენციო დარბაზებისა და სასტუმროების შესახებ. ამ ინფორმაციის განთავსებით, ის აკავშირებს ყველა რეგიონს ერთმანეთთან და მთლიანობაში ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებისადმი ინტერესის ზრდას.