ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„არტ-ფეშენი - რეკონსტრუქცია 2 - აკადემიის ლაბირინთებში“ პრეზენტაცია
23/03/2015

პრესრელიზი

23 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge

„არტ-ფეშენი - რეკონსტრუქცია 2 - აკადემიის ლაბირინთებში"
პრეზენტაცია

23 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების მიერ ლონდონში, 2015 წლის საერთაშორისო მოდის შოუქეიზზე წარდგენილი პროექტის „არტ-ფეშენი - რეკონსტრუქცია 2 - აკადემიის ლაბირინთებში"პრეზენტაცია.

პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი, პროექტის კურატორი მაკა ბახტაძე, აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მაია ყიფიანი დაესწრნენ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულება პროექტით - „არტ-ფეშენი - რეკონსტრუქცია 2 - აკადემიის ლაბირინთებში", საქართველოს სახელით ლონდონში, ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ ორგანიზებულ 2015 წლის საერთაშორისო მოდის შოუქეიზზე (ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში) 19-24 თებერვალს წარსდგა. პროექტი აკადემიის ისტორიული შენობის, კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლის რეკონსტრუქციის თემას მიეძღვნა.

შოუქეიზის ფორმატის ფარგლებში შედგა პროექტის პრეზენტაცია, სადაც Projection Mapping-ის 4D ტექნოლოგიით წარმოდგენილი აკადემიის ისტორიული შენობის კონტექსტში განხილულ იქნა მონაწილე დიზაინერთა არტ ფეშენ ნაშრომები.

აკადემიის ისტორიული შენობის რეკონსტრუქციის თემამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა პრეზენტაციაზე დამსწრე ბრიტანეთის საბჭოს და ბრიტანეთის მოდის საბჭოს წარმომადგენლების, ლონდონის მოდის კვირეულზე დამსწრე ექსპერტების და ლონდონში მოღვაწე ქართველობის მხრიდან.

ქართულ პროექტს გამოეხმაურა საერთაშორისო და ადგილობრივი მედია, მოდის ჟურნალები, მოდის კრიტიკოსთა და ექსპერტთა ონლაინ ბლოგები; დიზაინერების სახელები მოხვდა საერთაშორისო მედიის ფურცლებზე, შედეგად, დიზაინერებთან დამყარდა ახალი კონტაქტები - გაჩნდა ახალი შეთავაზებები.

შოუქეიზის ორგანიზატორებმა (ბრიტანეთის საბჭომ და ბრიტანეთის მოდის საბჭომ) გამოსცეს მონაწილე ქვეყნების პროექტების კატალოგი, რომლის გარეკანზე დაიბეჭდა ქართულ პროექტში მონაწილე მოდის დიზაინერის ლაშა დევდარიანის პროექტის ერთ-ერთი იმიჯი.

შოუქეიზის კატალოგის გარეკანზე დაბეჭდილი ლაშა დევდარიანის პროექტის იმიჯი განთავსდა შოუქეიზის პოსტერზეც, რომელიც გამოფენილი იყო მთელ ლონდონში.

შოუქეიზის ფორმატი გულისხმობს დამწყები მოდის დიზაინერის ხელმეორედ მიწვევას შემდგომ შოუქეიზზე. წელს, ლაშა დევდარიანი მეორედ იყო მიწვეული. შესაბამისად, თუ რომელი წარსდგება 2016 წლის შოუქეიზზე წინა შოუქეიზებში მონაწილე დიზაინერებიდან, კვლავ ბრიტანეთის საბჭოს და ბრიტანეთის მოდის საბჭოს ჟიური გადაწყვეტს.

აღნიშნულ შოუქეიზში თსს აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულება უკვე მეორედ მონაწილეობდა. წარმატებული მონაწილეობების შედეგად, ბრიტანეთის საბჭოს და ბრიტანეთის მოდის საბჭოს ინიციატივით თსს აკადემია შოუქეიზის პარტნიორი გახდა.

 

წაკითხულია: 3214