პროფესიასა და კარიერაში ქალების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარების და წინსვლის საორგანიზაციო კულტურას და უზრუნველყოფენ თავიანთ კომპანიებში თანასწორ გარემოს, თანაბარ წვდომას რესურსებსა და შესაძლებლობებზე.
ყოველწლიური კონკურსი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აღნიშნულ კონკურსს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად ატარებს, რათა უზრუნველყოს მისი მდგრადობა და გაგრძელება მომავალში. საკონკურსო მოთხოვნები ითვალისწინებს თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას, ქალების მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში, მათი მოტივაციის ამაღლებასა და მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველყოფას.
წინა წლების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები არიან: თიბისი ბანკი, ბრითიშ პეტროლეუმი საქართველო, ლივინგსტონი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, დიო, შავი ზღვის უნივერსიტეტი და ჯეოსელი, აჭარა ჯგუფი, ჯიპისი ჰოლდინგი, პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის ცენტრი ქუთაისში.