კვლევის თემატიკა მოიცავდა იმ ძირითად გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შედეგად გამოიკვეთა, როგორც სკოლის ადმინისტრირების კუთხით, ისე სწავლა სწავლების მიმართულებით. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ზედმიწევნით ასრულებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ მითითებებს სკოლის დირექციისგან. გამოკითხულ მასწავლებელთა 85%-ს სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება კომპლექსური შემაჯამებელი დავალებების სპეციფიკისა და შედგენის შესახებ. მასწავლებლების 80 % -ზე მეტი აღნიშნავს, რომ სასურველია, ერთი რესურსის სახით, ხელი მიუწვდებოდეთ დისტანციური სწავლების მრავალფეროვან მეთოდოლოგიაზე, პლატფორმასა და რესურსზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების პროცესის სწორად წარმართვას და გამარტივებას, სწავლა-სწავლების პროცესის მონაწილე პირთათვის გარემოს შექმნას. კვლევაში მონაწილე დირექტორებისა და მასწავლებლების 90 %-ზე მეტს სურს გაეცნოს დისტანციური სწავლების წარმატებულ მაგალითებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო გამოცდილებიდან. კვლევაში მონაწილე პირთა 90% გამოკვეთს დისტანციური სწავლების პროცესში სსსმ მოსწავლეების ჩართულობის პრობლემას და სურს მეტი პრაქტიკული რეკომენდაციის მიღება საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და ინდივიდუალური დავალებების შედგენასთან დაკავშირებით. დირექტორების აბსოლუტური უმრავლესობისთვის პრობლემას წარმოადგენს დისტანციური სკოლის მართვის პირობებში სასწავლო პროცესის ერთიანი სურათის დანახვა. შესაბამისად, სურს, სკოლის მართვის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მიმართულებით მეტი ინფორმაციის მიღება. მშობლების 100%-ს, მასწავლებლებისა და დირექტორების 85%-ზე მეტს, სურთ მიიღონ რეკომენდაციები მოსწავლეების ფსიქო-ემოციური ფონის და მისი მართვის შესახებ პანდემიის პირობებში. მშობლების უმრავლესობა სურვილს გამოთქვამს მიიღოს ფსიქოლოგის რჩევები მათი პოზიტიური როლის გაზრდის, მხარდაჭერის კონკრეტული მექანიზმების შესახებ, ვინაიდან მოსწავლეების 70 % ზე მეტი, დისტანციური სწავლების პირველ ეტაპზე საგაკვეთილო პროცესს არ აღიქვამდა ინსტიტუციურ რეალობად. მოსწავლეების 60%-ზე მეტს უჭირდა ვიდეო თვალის ჩართვა გაკვეთილის მსვლელობის დროს და აღიქვამდა როგორც პირადი სივრცის დარღვევას. ასევე მოსწავლეების დიდ ნაწილისთვის სირთულეს წარმოადგენდა საგაკვეთილო განწყობის შექმნა და მობილიზება.