ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში“- პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა
04/04/2015
პრესრელიზი

4 აპრილი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა ცოცხალაშვილი
577 904 905
საჯარო სამსახრის რეფორმის
დეპარტამენტის უფროსი

„მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში"- პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა

პროექტის ფარგლებში „მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში"- გაიმართა ტრენერთა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას მამხილებელთა დაცვის საკითხებზე.

ადგილობრივი ტრენერების ჯგუფი დაკომპლექტდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ტრენერებისგან, რომლებიც საკმარის კომპეტენცია და ცოდნა შეიძინეს საჯარო მოსამსახურეების დასატრენინგებლად მამხილებელთა დაცვის საკითხებზე.

ხუთდღიანი ტრენინგის მასალების მომზადება და ტრენინგის ჩატარება უზრუნველყო საერთაშორისო ექსპერტმა. აგრეთვე, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სპეციალურ მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ გიორგი კლდიაშვილი ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის'' (IDFI) დირექტორი და ლევან ავალიშვილი, თავმჯდომარე.

პროექტის მთავარი მიზანია, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების გზით,ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში.

აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა განპირობებულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებით მამხილებელთა ინსტიტუტის გაძლიერების თაობაზე არაერთ საერთაშორისო თუ ეროვნულ პლატფორმაზე: კერძოდ, NATO-საქართველოს წლიურ ეროვნულ პროგრამის (ANP) ფარგლებში, „ღია მმართველობის პარტნიორობა" OGP-ის ფარგლებში, ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და სხვა. შესაბამისად, აღნიშნული ინსტიტუტის გაძლიერება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით.

მამხილებელთა დაცვის ნორმები 50-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. მამხილებლისინსტიტუტის სამართლებრივ მნიშვნელობას აღიარებს საერთაშორისონორმატიული აქტები, განსაკუთრებით, კორუფციასთან ბრძოლისმარეგულირებელი საერთაშორისო აქტები.

პროექტი ხორციელდება სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

რა არის "მამხილებლის ინსტიტუტი" ?

მამხილებლის ინსტიტუტის მიზანია საჯარო მოსამსახურის ჩართულობის გაზრდა ეფექტური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების პროცესში. მამხილებლის ინსტიტუტი უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვით თითოეული საჯარო მოსამსახურე იღებს პასუხისმგებლობას საჯარო სამსახურში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, თვალყურს ადევნებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და გამოავლენს სამართალდარღვევას მისი აღმოჩენის შემთხვევაში.

საჯარო მოსამსახურის მიერ მხილების განხორციელება უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში არსებული სამართალდარღვევის დროულ აღმოჩენასა და შესაძლო სამართალდარღვევის პრევენციას.

წაკითხულია: 3826