ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„მიკრომეწარმე 2015“-ის გამარჯვებულები 30 ნოემბერს გახდება ცნობილი
18/11/2015


„მიკრომეწარმე 2015"-ის გამარჯვებულები 30 ნოემბერს გახდება ცნობილი

„მიკრომეწარმე 2015" ფინალური ღონისძიებისთვის იწყებს მზადებას. აღნიშნული კონკურსი საქართველოში წელს პირველად ტარდება საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ახალი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს საქართველოში.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყო და განაცხადები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან შევიდა. გასულ კვირას კი ჟიურის წევრთა გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად იქნა განხილული შესული განაცხადები. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ჟიურის თავმჯდომარე გიორგი გახარია - საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში -ეკონომიკური საბჭოს მდივანი; მიხეილ ჭელიძე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი; თინათინ რუხაძე - ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის" გენერალური დირექტორი და კომპანია „ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის" გენერალური დირექტორი; ლევან კალანდაძე - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში; ალექსანდრე გომიაშვილი - „კრედიტინფოს" გენერალური დირექტორი; ზურაბ ლალაზაშვილი - BDO-ს მმართველი პარტნიორი; ლევან გოგოლაძე - PMO Business Consulting-ის პარტნიორი; თამარ ლებანიძე - ფონდ „კონსტანტას" გამგეობის თავმჯდომარე; ნინო ზაბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ბესიკ შენგელია - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და მისო „ლაზიკა კაპიტალის" დირექტორი; არჩილ ბაკურაძე - მისო „კრისტალის" გამგეობის თავმჯომარე და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი და აიეტი კუკავა - „ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი. 

ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა ვინაობა მხოლოდ 30 ნოემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში დაგეგმილ გალა დაჯილდოვებაზე დასახელდება. კონკურსის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს, და იგი ხუთ გამარჯვებულს შორის გადანაწილდება. წლის საუკეთესო მიკრომეწარმე 5 000 ლარს მიიღებს ჯილდოდ.
###
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: award.microfinance.ge. 
პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. 

 

წაკითხულია: 5575