პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
29 მარტი, 2007
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის
საკონტაქტო პირი: ნინო გორგოძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი, ჯიარდისი
ტელ: 90676
ელ.ფოსტა: nini@grdc.ge
ვებ.გვერდი: www.grdc.ge
„მწვანე შენობა“ – სიძველისა და თანამედროვეობის გემოვნებიანი სინთეზი მარჯანიშვილის ქუჩაზე
[PUBLICITY.GE] თბილისი, 29 მარტი, 2007 – ამ დღეს, უნიკალური „მწვანე შენობის“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ბოლო პერიოდში ბიზნეს-კომპანიების დაფინანსებით ისტორიული შენობების რესტავრაციამ გარკვეული ტრადიციის სახე მიიღო. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, თეატრის გვერდით მდებარე ისტორიული და უნიკალური „მწვანე შენობის” მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამ ფაქტის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. 11 თვიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ შენობის სრული აღდგენა-რეკოსნსტრუქცია დასრულდა და ქალაქს კიდევ ერთი საინტერესო და თვითმყოფადი ობიექტი შეუნარჩუნდა.
საუკუნოვანი ნაგებობისთვის ძველი იერსახის დაბრუნების იდეა “ჯიარდისი ჯგუფს” ეკუთვნის. კომპანიამ „თბილისი-სითის” პროექტის ფარგლებში ისტორიული და უნიკალური ნაგებობა 2005 წელს შეიძინა და სარესტავრაციო სამუშაოების დაფინანსებაც მანვე ითავა. შენობის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები „ახალმა სამშენებლო კომპანიამ“ (NCC) განახორციელა, ხოლო მისი არქიტექტურული ღირებულებიბების შენარჩუნებასა და სარესტავრაციო სამუშაოებზე „არქიტორები.ჯის“ არქიტექტორებმა ლევან მუშკუდიანმა და გაგა კიკნაძემ იზრუნეს.
ისტორიული „მწვანე შენობა” მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში, 1901-07 წლებში არქიტექტორმა ლეოპოლდ ბილფელდმა ააშენა. ეს იყო ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, რომელიც კავკასიის რეგიონში შვედეთის ვიცე-კონსულის ქალიშვილს ეფროსინე თეოდორის ასულ მარტინოვსკაიას ეკუთვნოდა. საკმაოდ დიდი შენობა, დიდი ეზოთი, საინტერესო, არქიტექტურული ღირებულებით გამორჩეული წინა ფასადით, აღმოსავლური ტიპის მეორეხარისხოვანი ორი ფლიგელითა და აჟურული აივნებით, ფსევდო-რენესანსისა და ფსევდო-კლასიციზმის პერიოდს ეკუთვნის.
მოგვიანებით, ამ სახლში ექიმები, ადვოკატები და საზოგადო პირები დასახლდნენ. საბჭოთა პერიოდში აღნიშნული სახლი უკვე ადმინისტრაციულ შენობად იქცა, სადაც საკმაოდ სერიოზული ორგანიზაციები მოღვაწეობდნენ. მათ შორის, ირანის საკონსულო საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორიული შენობა კომპანია „ომეგამ” შეიძინა.
„ჯიარდისის” მიზანია საქმიან სამყაროს თანამედროვე ოფისები შესთავაზოს, კომპანიის ძალისხმევით ისტორიული მნიშვნელობის შენობამ დღეიდან ახალი დატვირთვაც შეიძინა, რესტავრირებულ და თანამედროვეობაში გაცოცხლებულ შენობაში პრესტიჟული ბიზნეს-ცენტრი განთავსდება, რომელიც იქნება კომფორტული და ევროპული ტიპის A კლასის ოფისისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
###