ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
02/11/2018
„პროფესიული განათლების კვირეული 2018” 5-9 ნოემბერს გაიმართება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ინიციატივით, 5-9 ნოემბერს პროფესიული განათლების კვირეული 2018 ჩატარდება. კვირეული ოფიციალურად 5 ნოემბერს, ყოველწლიური საერთაშორისო კონფრენციით გაიხსნება. კვირის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ათი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება „ღია კარის“ დღეებს უმასპინძლებს, კვირეული კი პარასკევს „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2018“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.
პროფესიული განათლების მესამე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, „ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ 5 ნოემბერს, სასტუმრო ბილტმორში გაიმართება. კონფერენციის მთავარი მომხსენებლები არიან დიდი ბრიტანეთიდან - ბრიტანეთის ავიახაზების (British Airways) განათლების მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორი, ნაიჯელ ჯერემი და ა.შ.შ-დან კორპორაცია ინტელის (Intel) გლობალური განათლების სექტორის გენერალური მენეჯერი ბრაიან გონსალესი. გამომსვლელი თავიანთი კომპანიების გამოცდილებას განიხილავენ ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების, ახალი კადრების მომზადებისა და განვითარების და საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.
კონფერენციას საქართველოს მთავრობის უმაღლესი რგოლის წარმომადგნელები, ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელები გახსნიან. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, განათლების სფეროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
6-9 ნოემბერს, მოეწყობა „ღია კარის დღეები“ ათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წარმოდგენილი იქნება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ახალი პროფესიული პროგრამები. 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო თანხით, დაფინანსდა ათი საგანმანათლებლო სასწავლებლები, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 51 ახალი პროფესიული პროგრამა საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. სასწავლებლები ასევე, აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებით და სასწავლო სიმულატორებით. „ღია კარის“ დღეებზე დასწრება თავისუფალია, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება გაეცნოს ახალ პროგრამებს და იხილოს განახლებული ინფრასტრუქტურა.
პროფესიული განათლების კვირეული დასრულდება „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2018“ წლის დაჯილდოების ცერემონიალით, რომელიც გაიმართება 9 ნოემბერს, სასტუმრო ბილტმორში. ღონისძიებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ერთ-კვირიან სასწავლო ტურში გერმანიაში.
გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსი, განათლების სფეროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიების გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და ს.ს. საქართველოს რკინიგზა.

ორგანიზაციის შესახებ
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
თათია ხუბულავა
კომუნიკაციების მენეჯერი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის"
557– 516363| tatia.khubulava@pem-consult.de
წაკითხულია: 2946