ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„რედიქს თრეველის“ ლიტერატურულ კონკურსზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ
14/01/2014

პრესრელიზი

14 იანვარი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამარ ალავიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
BCV, ვაჟა-ფშაველას გამ.71
ტელ.: +995 32 2201122 /503
მობ.: +995 77 222727
ფაქსი: +995 32 2201112
tamara.alavidze@redix.ge
www.redix.ge

"რედიქს თრეველის" ლიტერატურულ კონკურსზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ტურისტული კომპანიის „რედიქს თრეველის" ლიტერატურული კონკურსის შედეგად ორი გამარჯვებული გამოვლინდა: ხალხის რჩეული გახდა ნიკუშა ანთაძე (ესსე „სათამაშოების გამყიდველი"), ჟიურის მოწონება კი ბექა ადამაშვილმა დაიმსახურა (ესსე "VICI, VIDI, VENA").

ლიტერატურულ კონკურსში ნამუშევრების მიღება 2013 წლის 27 ნოემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მოგზაურობის თემაზე დაწერილი ესსე „რედიქს თრეველის" ლიტერატურული კონკურსის აპლიკაციაში სულ 51 მონაწილემ ატვირთა. კონკურსანტების ნამუშევრების გაცნობა და მოწონება მკითხველს 20 დეკემბრიდან 13 იანვრის 18.00 საათამდე შეეძლო.

„ლიტერატურული კონკურსის მიზანი ამ დარგის წახალისება და ახალი ტალანტების აღმოჩენა იყო", - ამბობს კომპანია „რედიქს თრეველის" მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი ლიზა დავრიშაშვილი.

კონკურსის პირობების თანახმად, პირველი გამარჯვებული ფეისბუქაპლიკაციაში მოპოვებული ყველაზე მეტი მოწონების მიხედვით გამოვლინდა - ნიკუშა ანთაძემ სულ 911 მოწონება დაიმსახურა. კონკურსის მეორე გამარჯვებული კი ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობაში დრამატურგი დავით გაბუნია, ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის" მთავარი რედაქტორი ზაალ ჩხეიძე და „რედიქსის" ექსპერტ-რედაქტორი, ფილოლოგი ლელიკო დიდიძე შედიოდნენ.

„ყველაფერი, რაც ხელს უწყობს საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლას, საზღვრებს მიღმა გასვლას და შესაბამისად თვალთახედვის არეალის გაფართოებას, კარგია. „რედიქს თრეველის" კონკურსიც ორ ახალგაზრდა ავტორს მისცემს საშუალებას, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, ვენა დაათვალიერონ და ვინ იცის, იქიდან როგორი შთაბეჭდილებებით, ან სულაც, ტექსტებით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ. მიხარია, რომ ჟიურის რჩეულად ბექა ადამაშვილი დასახელდა - ჩემი აზრით, მან კონკურსანტებს შორის საუკეთესოდ შეასრულა მოცემული დავალება", - აცხადებს ჟიურის წევრი, დრამატურგი დავით გაბუნია.

ხალხის რჩეულ ნიკუშა ანთაძეს კომპანია „რედიქს თრეველისგან" ქ. ვენაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები გადაეცა საჩუქრად, ჟიურის შერჩეულ კანდიდატ ბექა ადამაშვილს კი ქ. ვენის საგზური, რომელიც მოიცავს ავიაბილეთებს და სასტუმროს.

წაკითხულია: 5773