ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში სოციალური საწარმო - საბავშვო ბაღი იხსნება
06/03/2016
მედია ანონსი
ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში სოციალური საწარმო - საბავშვო ბაღი იხსნება

7 მარტს, 16:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის დევნილთა დასახლებაში, არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა და ცენტრი „აფხაზეთის" ხელშეწყობითა და გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ახალი საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე პროექტში ჩართული მხარეები.

ბერბუკის საბავშვო ბაღი სოციალური საწარმოა და იგი პროექტის "სოციალური საწარმოები დევნილთათვის" ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB Georgia) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" შიდა ქართლში 2015 წლიდან ახორციელებენ. 

პროექტის ფარგლებში სრულიად აღიჭურვა ბაგა-ბაღი და ასევე მოხდა პედაგოგთა გადამზადება. 7 მარტიდან ბაღი მოემსახურება 40-მდე დევნილ სკოლამდელ აღსაზრდელს, შენობა ასევე ადაპტირებულია შშმ ბავშვებისთვისაც. სოციალური საწარმოს მიმდინარე ხარჯებს სრულად ანაზღაურებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

ბერბუკის საბავშვო ბაგა-ბაღი პირველი საწარმოა, რომელიც პროექტის "სოციალური საწარმოები დევნილთათვის" ფარგლებში ამოქმედდა შიდა ქართლში. მიმდინარე თვიდან ეტაპობრივად ფუნქციონირებას დაიწყებს პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 5 სოციალური საწარმოც, რომელთაგან 3 ბიზნესსე ორიენტირებული პროქეტია. 

ASB-საქართველო: ASB-მ საქართველოში საქმიანობა 1992-1997 წლებში დაიწყო, ხოლო 2010 წელს, ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ქართული ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb.ge
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", დაარსებული 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.chca.org.ge
პროექტი დაფინანსებულია აშშ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით
წაკითხულია: 4585